ჩვენი ფილოსოფია იდეა, რომელმაც ბიურო შექმნა

ბიუროს შექმნის საფუძველი მარტივი რწმენაა: საკუთარი უფლებების დაცვისას ადამიანი მარტო არ უნდა დარჩეს.

სასამართლოს გადაწყვეტილება, ხელშეკრულება თუ კომპანიის დასაფუძნებლად საჭირო დოკუმენტაცია შეიძლება ათეულობით გვერდს მოიცავდეს. ადამიანის კითხვა კი ხშირად ერთ წინადადებაში ეტევა — „ახლა რა უნდა გავაკეთო?

ბიუროს შექმნას წინ უძღოდა საქმეები და საუბრები, რომლებშიც ეს კითხვა სხვადასხვა ფორმით გვესმოდა. ერთ ადამიანს სურდა გაეგო, როგორ დაეცვა თავისი უფლება, მეორეს — როგორ განეკარგა ქონება, მესამეს კი — რა სამართლებრივი ფორმა შეერჩია კომპანიისთვის. აქედან გაჩნდა სურვილი, შეგვექმნა ბიურო, სადაც ადამიანს შეეძლებოდა თავისი ამბავი საკუთარი სიტყვებით მოეყოლა, გაეგო, რა არჩევანი ჰქონდა და მიეღო გადაწყვეტილება, რომლის შედეგებიც მისთვის გასაგები იქნებოდა.

ასეთი პასუხის გაცემას სიცხადეც სჭირდება და გულწრფელობაც. ზოგჯერ კლიენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი იმის ახსნაა, თუ რატომ შეიძლება მისთვის სასურველ გზას ის შედეგი არ მოჰყვეს, რომელსაც ელის.

სწორედ ამ მიდგომის გარშემო შეიქმნა ლალი მინაშვილის საადვოკატო ბიურო, სადაც ქართული სამართლის ცოდნა ევროპულ სამართლებრივ განათლებასა და პროფესიული საქმიანობის მაღალ სტანდარტებს ერწყმის. ამ გამოცდილებას პრაქტიკული დანიშნულება აქვს — ადამიანს დავეხმაროთ, გაარკვიოს, რას იცავს კანონი მის კონკრეტულ ვითარებაში და რა სამართლებრივი საშუალებები აქვს საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, საკუთარი მიზნებისა და ინტერესების განსახორციელებლად.

ასე მიიღო ბიუროს სახე ხედვამ, რომელიც მისი დამფუძნებლის პროფესიულ გზაზე გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა.

გამოცდილება, რომელსაც ვეყრდნობით

გზა საქართველოდან საფრანგეთამდე და იქიდან კვლავ საქართველომდე არც მოკლე ყოფილა და არც მარტივი. ბიუროს დამფუძნებლის - ლალი მინაშვილისთვის ეს გზა ცხრამეტი წლის ასაკში დაიწყო, როდესაც საფრანგეთში სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა. მაშინ ფრანგულად მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იცოდა. წინ იყო ახალი ენა, ახალი ქვეყანა და იურიდიული განათლების სრული გზა — სამართლის ბაკალავრიდან საერთაშორისო და ევროპული სამართლის მაგისტრატურამდე.

სწავლისა და პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მას ჰქონდა შესაძლებლობა, გაევლო სტაჟირებები და ემუშავა სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციაში და საადვოკატო ბიუროში. ამ გამოცდილებამ მისცა შესაძლებლობა, სამართალი დაენახა როგორც აკადემიური დისციპლინა და როგორც ადამიანის უფლებების დაცვისა და გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკული ინსტრუმენტი.

ასობით წაკითხულმა სასამართლო გადაწყვეტილებამ ერთი რამ განსაკუთრებით ნათლად დაანახვა: სამართლებრივი დავის უკან ყოველთვის ადამიანური ისტორია დგას. სწორედ ამ ისტორიებთან მუშაობის სურვილმა მიიყვანა ადვოკატის პროფესიამდე.

საქართველოში დაბრუნება ჯერ კიდევ წასვლისას მიღებული გადაწყვეტილება იყო — გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროს ელოდებოდა. სწავლისა და პროფესიული გამოცდილების მიღების შემდეგ ეს დროც დადგა.

დღეს ლალი მინაშვილის საადვოკატო ბიურო სწორედ ამ გამოცდილებას ეყრდნობა: საფრანგეთში მიღებულ განათლებას, საერთაშორისო პროფესიულ ხედვასა და საქართველოში სამართლებრივი საქმიანობის პრაქტიკას.

პრინციპები, რომლებსაც საქმედ ვაქცევთ

იურისპრუდენციაში არსებობს პროფესიული ფუნდამენტი, რომლის გარეშეც საადვოკატო საქმიანობა წარმოუდგენელია. საფრანგეთში მიღებულმა პროფესიულმა გამოცდილებამ და ქართულმა პრაქტიკამ კიდევ უფრო მკაფიოდ გვაჩვენა, რომ საადვოკატო ეთიკა არა ფორმალური წესების კრებული, არამედ კლიენტთან ყოველდღიური ურთიერთობის სტანდარტია.

ჩვენს ბიუროში ეს ფუნდამენტური პრინციპები კონკრეტულ ქმედებებად ითარგმნება:

  1. სიცხადე და გულწრფელობა (კეთილსინდისიერება)

    ჩვენ არ ვიძლევით უსაფუძვლო დაპირებებს. კლიენტს თავიდანვე ვაცნობთ საქმის რეალურ პერსპექტივას, რისკებსა და სამართლებრივ ალტერნატივებს მარტივ, გასაგებ ენაზე, რათა მისი ყოველი გადაწყვეტილება იყოს ინფორმირებული.

  2. ადამიანურობა და თანადგომა

    ყოველი საქმის მიღმა კონკრეტული ადამიანის ბედი, ინტერესი ან ბიზნესი დგას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ თქვენი ამბავი განსჯის გარეშე და შეგიქმნათ გარემო, სადაც თავს დაცულად და მხარდაჭერილად იგრძნობთ.

  3. კონფიდენციალურობა და ნდობა

    პროფესიული საიდუმლოების დაცვა ჩვენი უპირობო ვალდებულებაა. ბიუროსთვის გაზიარებული ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტი თუ საუბარი სრულად დაცულია, რაც ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის საფუძველია.

  4. პროფესიული დამოუკიდებლობა

    ჩვენი სამართლებრივი შეფასებები და სტრატეგია თავისუფალია ყოველგვარი გარე გავლენისგან. გადაწყვეტილებებს ვიღებთ მხოლოდ კანონის, პროფესიული სინდისისა და კლიენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

  5. კომპეტენცია და პასუხისმგებლობა

    თითოეულ საკითხს ვუდგებით მაქსიმალური სიზუსტითა და საქმისადმი ერთგულებით. ევროპული სამართლებრივი კულტურისა და ადგილობრივი კანონმდებლობის სინთეზი გვაძლევს საშუალებას, ვიპოვოთ არასტანდარტული და ეფექტური გამოსავალი.

დღეს ეს გამოცდილება და ღირებულებები ჩვენი ბიუროს ყოველდღიურ რეალობად იქცა. ჩვენ შევქმენით გარემო, სადაც კანონის ენა ადამიანურ ენაზე ითარგმნება, კლიენტის ყველა კითხვას გულწრფელი და მკაფიო პასუხი ეცემა, ხოლო სამართლებრივი სტრატეგია მასთან ერთად იგეგმება. ჩვენთვის ნდობა სწორედ ამ გამჭვირვალე და პარტნიორული ურთიერთობით იწყება.

მოდით, ვისაუბროთ თქვენს პროექტზე.

შეხვედრა ოფისში ან დისტანციურად.

შეხვედრის დაჯავშნა წინასწარი ჩაწერით